2 კორინთელები 1:12-24 | 2 Corinthians 1:12-24
12რადგან ეს ჩვენი ქადილი არის ჩვენი სინდისის მოწმობა, რომ ჩვენ ღვთაებრივი სიწმიდით და გულწრფელობით ვიქცეოდით სოფელში. განსაკუთრებით თქვენთან, არა ხორციელი სიბრძნით, არამედ ღვთის მადლით.
13ვინაიდან სხვას არაფერს გწერთ თქვენ, თუ არა იმას, რასაც კითხულობთ, ანდა შეიცნობთ და რასაც, როგორც ვიმედოვნებ, ბოლომდე შეიცნობთ.
14როგორც ნაწილობრივ შეგვიცანით ჩვენ, რომ ჩვენ თქვენი დიდება ვართ, ისევე როგორც თქვენ იქნებით ჩვენი უფლის იესოს დღეს.
15და ამ ნდობით მინდოდა ჯერ თქვენთან მოსვლა, რათა მეორედ მიგეღოთ მადლი,
16და თქვენთან გავლით წავიდე მაკედონიაში, ხოლო მაკედონიიდან კვლავ თქვენთან დავბრუნდე და თქვენ გამისტუმროთ იუდეაში.
17ნაჩქარევი ხომ არ იყო ჩემი განზრახვა? ან იქნებ, რაც განვიზრახე, ხორციელად განვიზრახე. ასე, რომ ჩემი „ჰო, ჰო“, იგივეა, რაც „არა, არა“?
18მაგრამ მოწმეა ღმერთი, რომ ჩვენი სიტყვა თქვენს მიმართ არ ყოფილა ჰოც და არაც,
19ვინაიდან ძე ღვთისა იესო ქრისტე, რომელსაც თქვენ შორის ვქადაგებდით ჩვენ – მე, სილოანე და ტიმოთე, არ იყო „ჰოც“ და „არაც“, არამედ „ჰო“ იყო მასში,
20რადგან ღვთის ყველა აღთქმანი მასში „ჰო“ არის და მისით ითქმის „ამინი“ ღვთის სადიდებლად ჩვენს მიერ.
21ის, რომელიც თქვენთან ერთად გვამტკიცებს ქრისტეში და რომელმაც გვცხო ჩვენ, ღმერთია,
22რომელმაც აღგვბეჭდა კიდეც და მოგვცა ჩვენს გულებში სულის საწინდარი.
23და მე მოვუხმობ ღმერთს ჩემი სულის მოწმედ, რომ თქვენ გზოგავდით და აქამდე იმიტომ არ მოვდიოდი კორინთოში.
24არა იმიტომ, რომ ვიბატონოთ თქვენს რწმენაზე, არამედ ხელს ვუწყობთ თქვენს სიხარულს, ვინაიდან რწმენაში მტკიცენი ხართ.