1 კორინთელები 14:20-33
'ძმებო! ნუ იქნებით ბავშვები გონებით. მხოლოდ ბოროტებისათვის იყავით ბავშვები, გონებისთვის კი – სრულწლოვანნი! რჯულში წერია: „სხვა ენებით და სხვათა ბაგეებით დაველაპარაკები ამ ხალხს, და მაინც არ მომისმენენ მე, ამბობს უფალი.“ ამიტომ ენითმეტყველება მორწმუნეთათვის კი არ არის ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის. ხოლო წინასწარმეტყველება კი ურწმუნოთათვის კი არ არის, არამედ მორწმუნეთათვის. და აი, თუ მთელი ეკლესია ერთად შეიკრიბება და ყველანი ილაპარაკებენ ენებით და შემოვლენ უმეცარნი ან ურწმუნონი, განა არ იტყვიან, შეშლილები ხომ არა ხართო? მაგრამ, თუ ყველანი წინასწარმეტყველებენ და შემოვა ვინმე ურწმუნო ან უმეცარი, და მას ყველა ამხელს და ყველა განსჯის, ამრიგად გამომჟღავნდება მისი გულის დაფარული. ის დაემხობა ძირს, თაყვანს სცემს ღმერთს და აღიარებს, რომ ჭეშმარიტად თქვენს შორის არის ღმერთი. მაშ, რაღა, ძმებო? როცა თქვენ იკრიბებით და თითოეულს აქვს ფსალმუნი, აქვს სწავლა, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება – ყოველივე ეს ხდებოდეს აღსაშენებლად. თუ ვინმე ლაპარაკობს ენებით, ილაპარაკოს ორმა, ან, დიდი-დიდი, სამმა, ერთიმეორის მიყოლებით, და ერთმა განმარტოს. ხოლო თუ არ არის განმმარტებელი, მაშინ გაჩუმდეს ეკლესიაში და ელაპარაკოს თავის თავს და ღმერთს. წინასწარმეტყველებმა კი ილაპარაკონ ორმა ან სამმა, ხოლო სხვებმა განსაჯონ. თუ სხვას ექნება იქ მჯდომთაგან გამოცხადება, პირველი გაჩუმდეს. ყველას თანამიმდევრობით შეგიძლიათ წინასწარმეტყველება, რათა ყველამ ისწავლოს და ყველამ ინუგეშოს. რადგან წინასწარმეტყველთა სულები ემორჩილებიან წინასწარმეტყველთ. რადგან ღმერთი არეულობისა ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობისა. '